საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.