ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი
ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი

საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.

„შეხვედრაზე, პრეზიდენტ მიშელს მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზაობა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები;  ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება. შევეხეთ ასევე სხვა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს განსაკუთრებული, მართლაც უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის, გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა  კომპლექსური რეფორმების გზაზე, – გზაზე, რომელმაც ჩვენ საბოლოო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.