ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აფასებს ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში.
„ჩვენ ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, როგორიც არის ოკუპაცია. მინდა, ბატონ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზის მიმდინარე, არსებული მძიმე ვითარება, პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, სულ ახლახანს კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე იქნა გასამართლებული, ბატონი ზაზა გახელაძე და რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს და მე მინდა ევროკავშირს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი ჩართულობისთვის.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და ჩვენ ვართ მადლიერი. კიდევ ერთხელ მინდა ამისთვის მადლობა მოგახსენოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.