ირაკლი ღარიბაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს 95%-მდე მოსახლეობას, სამი მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, გადავიხადეთ შვიდი მილიარდი ლარი
ირაკლი ღარიბაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს 95%-მდე მოსახლეობას, სამი მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, გადავიხადეთ შვიდი მილიარდი ლარი

ეკონომიკის და საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად მეტი რესურსი, რა თქმა უნდა, მივმართეთ ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და შეადგინა 880 მილიონი ლარი.

„მოგეხსენებათ, რომ ხარისხიანი და საყოველთაო, ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანდაცვის შემდგომი განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და შეადგინა 880 მილიონი ლარი. დღეისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე. პროგრამის დაწყებიდან სამ მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ შვიდი მილიარდი ლარი. ანუ ჩვენი ქვეყნის სამმა მილიონმა მოქალაქემ დაზოგა შვიდი მილიარდი ლარი ბოლო ათ წელიწადში. ეს არის ძალიან სერიოზული შედეგი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ აქტიურად და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ამ სერვისებს.

ზოგადი შედარებისთვის, მინდა, მოვიყვანო კიდევ ერთი მონაცემი. 2012 წელს მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები თითქმის 75%-ს შეადგენდა, 2022 წელს ეს მონაცემები შემცირებული არის, 41%-მდე არის ჩამოსული, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინსვლაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.