ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროების ქსელ „კემპინსკის“ აღმასრულებელ დირექტორს, ბერნოლდ შროდერს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროების ქსელ „კემპინსკის“ აღმასრულებელ დირექტორს, ბერნოლდ შროდერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროების ქსელ „კემპინსკის ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ბერნოლდ შროდერს გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „კემპინსკის“ სასტუმროს მშენებლობის დაწყების შესაძლებლობა განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოში „კემპინსკის“ სასტუმრო უახლოეს მომავალში აშენდეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მრავალმხმრივ ტურისტულ შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანამ 2022 წელს დაახლოებით 5,5 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო 2024 წლისთვის პანდემიამდელ რაოდენობას – 9.4 მილიონს დაუბრუნდება.

Kempinski Hotels S.A. ძვირადღირებული სასტუმროების მართვის კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ჟენევაშია. „კემპინსკის“ შემოსავალი 2.9 მილიარდი დოლარია. კომპანიაში 22 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია 34 ქვეყანაში 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და რეზიდენციას ფლობს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.