ირაკლი ღარიბაშვილი - საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი, სახელმწიფომ უნდა იკისროს ტვირთი ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად
ეკონომიკის დაქოქვასა და ბიზნესის მხარდაჭერაში სახელმწიფოს როლი არის გადამწყვეტი, მით უმეტეს, კოვიდპანდემიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, ძირითადი თეზისების სახით გამოვყო ხედვის რამდენიმე ძირითადი დეტალი და ვთქვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკაცა და პოლიტიკაც უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი. თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, სადაც მოულოდნელ და ვითარების გამაუარესებელ მოვლენებს არ ექნება ადგილი, რათა სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი. ასევე მიმაჩნია, რომ ეკონომიკის დაქოქვასა და ბიზნესის მხარდაჭერაში სახელმწიფოს როლი არის გადამწყვეტი, მით უმეტეს, კოვიდპანდემიის პირობებში. უფრო მეტიც, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იკისროს მთავარი ტვირთი ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.