ირაკლი ღარიბაშვილი - სასამართლო არის დამოუკიდებელი, მის საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს
სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში.
„მოსამართლეების საკითხზე მე ძალიან ბევრი განცხადება გამიკეთებია. ჯერ კიდევ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, შარშან, მე საჯაროდ, ღიად გამოვუცხადე მხარდაჭერა ჩვენს მოსამართლეებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში. კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება ასევე მიუღებელია, მით უმეტეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. მგონი, ეს საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ეს მტკიცებულება უნდა იყოს გასაჯაროებული. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს და ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მტკიცებულება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამიტომ ეს საუბარი უნდა შეწყდეს. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და ეს არის ჩემი პოზიცია. სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ მე ვისურვებდი, ამ საკითხებზე ჩვენი დისკუსია შეწყდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.