ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში ვერ მოვიძიეთ ერთი 200 000-იანი რუკა და ძალიან საეჭვოა, რატომ გაქრა რუკები, როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი
ერთი 200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაეწყოთ ამ რუკის მოძიება, არქივებში არსად იყო. ძალიან საეჭვოა რატომ გაქრა ეს რუკები, როდესაც ის საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მან თავის რამდენიმე კოლეგას დაავალა რუკების ასლი მოეპოვებინათ.
„მე გავაგზავნე მინდია ჯანელიძე და ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოიტანა 1:200 000-იანი რუკის ასლი, ეს რუკა გადასცეს უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებმა ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ამის შემდეგ ეს რუკა წარადგინეს სახელმწიფო კომისიაში, რომელიც მუშაობს დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე.
ამან გამოიწვია ძალიან დიდ გაკვირვება, თუ საიდან გაჩნდა ეს რუკა. პირველი მარტივი კითხვა, რაც ჩვენ დავუსვით: თქვენ გიწერიათ შეთანხმებაში, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა მოილაპარაკეს, რომ ვიყენებთ 1938 წლის რუკას, რატომ არ სარგებლობდით ამ რუკის მიხედვით, რატომ შეათანხმეთ სახელმწიფო საზღვრები 70-80 წლებში გამოშვებული რუკებით? პასუხი, რა თქმა უნდა, ბუნდოვანი იყო. ეს კონსტრუქციული საუბარი გადაიზარდა ძალიან არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ ფორმატში. მე მაშინვე დავავალე სამსახურებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. მთავარი არგუმენტი რაც მათ თქვეს, რომ ეს არის სამუშაო რუკა, ეს არ არის არქივიდან ამოღებული ორიგინალთან დამოწმებული რუკა და ამას როგორ გამოვიყენებთ აზერბაიჯანთან. ვეკითხებით, რომ 2014 წლამდე ბატონებო, თქვენ გქონდათ მცდელობა, რომ მოგეძიებინათ ეს რუკა, რომელიც თქვენი პირდაპირი ვალდებულება იყო. მივმართავ მოღალატეებს, რომლებიც ბედავენ და აგრძელებენ უტიფრად საუბარს. პასუხი იყო, რომ არ ვიცით, როგორ მოგვეძიებინა და ა.შ. დავიჯეროთ ახლა ჩვენ, რომ კომისიის წევრების დონეზე წყდებოდა რაღაცები სააკაშვილის, ამ დიქტატორის დროს, რა თქმა უნდა, არა. ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, სამუშაო რუკა აქვთ და მე დავტოვე პოსტი, მივდივარ სახლში. მთელი ეს ინფორმაცია გადაეცა შემდგომ ვინც იყვნენ პრემიერ-მინისტრები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა როგორ ხდება ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენა.
„მოსახლეობას, ვინც ამ თემაში არ არის გარკვეული ნიუანსებში, აბნევენ მოღალატე პოლიტიკოსები, რომ ჩვენ თითქოს ტყუილად ვაბრალებთ სააკაშვილის ხელისუფლებას არამართლზომიერ მოღალატეობრივ შეთანხმებას. რას ნიშნავს შეთანხმება? ჩვენთან არის სახელმწიფო კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემაკრაციასთან დაკავშირებით მუშაობს და აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ. ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით, აქ არის მელაშვილი, ილიჩოვა, დათუნაშვილი, დიასამიძე, აქ სხვებიც აწერენ ხელს. ამის შემდეგ 100 პროცენტი უნდა შეთანხმებულიყო, შემდეგ ხდება პრეზიდენტის ხელმოწერა და პარლამენტის მიერ რატიფიცირება. რასაც ალბათ გააფორმებდნენ ჩვენ რომ არ მოვსულიყავით ხელისუფლებაში. ქურდს წავუსწარით ბეწვზე. ეს აჟიოტაჟი, რომელიც მათ ატეხეს, ერთ მარტივ ხალხურ სიბრძნეზე მიუთითებს, რომ ქურდს ქუდი ეწვისო. ეს მდგომარეობა აქვთ ამ მოღალატეებს სხვა არაფერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება.
„ნოღაიდელმა თქვა – სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ? დავით გარეჯის ნაწილების გადაცემას? 3600 ჰექტარი მიწა არის გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი? მსგავსი ფაქტი კი არა, ვიღაცამ რომ გაიფიქროს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთში თურქეთში ერთ გოჯ მიწას არ აპატიებენ არავის, იმ მიწას, რომელიც მათ ეკუთვნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.