საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არსებულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველო-უკრაინის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილმა და იგორ დოლგოვმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზეც იმსჯელეს, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას, სამხედრო განათლების სფეროში, ასევე, დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებას.