ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო. მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ხაზი გაესვა, რომ EUMM-ი ადგილზე წარმოდგენილი მონიტორინგის მანდატით აღჭურვილი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა.
აღინიშნა, რომ, ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში ნათლად ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი ესწრებოდა.