ირაკლი ღარიბაშვილი - ავსტრიის კანცლერი საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება და შეიძლება, მას ისტორიული ვუწოდოთ
მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება, მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში. ეს ყველაფერი აისახება, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყნებზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია.
„რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე. ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ათ წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.