ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ჩვენ შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას დამატებით იმპულსს შესძენს
ძლიერ ვაფასებთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში გულთბილი მასპინძლობისთვის. ღარიბაშვილის თქმით, ეს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია უნგრეთში.
„პრემიერთან მე მქონდა ხანგრძლივი საუბარი. ჩვენ გუშინ საღამოს პრემიერის ინიციატივით გავმართეთ სამუშაო ვახშამი, სადაც განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს და რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და გვაწუხებს. დღეს ასევე გვქონდა შინაარსიანი განხილვა თითოეული სექტორის მიმართულებით, შევეხეთ ეკონომიკის საკითხებს, სავაჭრო ურთიერთობებს, ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას ენერგეტიკულ საკითხებში. რა თქმა უნდა, საქართველო არის და იქნება ამ პროექტების მხარდამჭერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. მისივე განცხადებით, დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას დამატებით იმპულსს შესძენს.
„მჯერა, რომ ჩვენ შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ძალიან კარგი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება, დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს. მინდა ვთქვა, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე ნატო-ს წევრი. ჩვენ არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ასე ვთქვათ, ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში. მაგალითად, თქვენ კარგად იცით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატო-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.