ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში დღეს ისტორიული დღეა
ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წინანდალში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში“.
„შეგახსენებთ, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ. ასევე, ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ბატონო ვიქტორ, პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.