ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არის უნიკალური, სანიმუშო პარტნიორობით ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არის უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლებისა და საუკუნეების განმავლობში.
„გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ილხამ ალიევს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომლებზეც დღესაც გვექნება საუბარი.
მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები გააქტიურდა ბოლო პერიოდში. მქონდა პატივი, შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს შორის, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მყარდება. უნდა აღვნიშნო, რომ, სანიმუშო პარტნიორობით, ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რაც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.