ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ყაზახეთთან აქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობით
საქართველოს ყაზახეთთან აქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან, ალიხან სმაილოვთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს.
„მინდა, მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მინდა, მთავრობისა და ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით.
ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები, მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება ყაზახეთს და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ბოლო პერიოდში. ვგულისხმობ ექსპორტის ზრდას, ზოგადად სავაჭრო ბრუნვის ზრდას. მე ასევე მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში. ყაზახეთს განხორციელებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები საქართველოში და ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებენ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.