ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია, ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და დავუმტკიცოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას
ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვასა და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ინტენსიური უნდა გახადოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები.
„ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნება. მაისში გაფორმდა მემორანდუმი ამის თაობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ახლა უკვე პრეზიდენტების დონეზე, ბათუმში, პირველი პრეცედენტი შეიქმნა „ტრიოს“ ფორმატის მონაწილეობის ფარგლებში. ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.
ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომლებიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ დ ერთობლივად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.