ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზების, სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს როგორც საქართველოს, ასევე მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს
საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონულ მარშრუტში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს.
„ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიეწოდოს. ევროპის გარდა, ყველა მეზობლისადმი გაგვაჩნია ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.
2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითიც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა.
2021 წლის 26 აპრილს საქართველოს მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და იქიდან 18 თვეში დასრულდება.
ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგოტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში.
ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მსურს დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.