ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს
გამოწვევები ნათელია და მათი გადაწყვეტის გზებიც ცნობილია, ამ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მეტად ნაყოფიერი, სტაბილური და გამძლე საზოგადოებები გვყავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გაერო-ს გენერალური მდივნის ძირითადი რჩევები, რათა ჩვენი პლანეტა დედამიწა დავიცვათ და ჩვენს საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ ეს მიზანი.
ამ სულისკვეთებით, საქართველო 2030 წლისთვის კისრულობს ვალდებულებას, 1990 წლის დონესთან მიმართებით სასათბურე აირების ემისიის ნახევარზე მეტით შემცირებაზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული შესაძლებლობის გაცნობიერების გაღრმავებაზე საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით. საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს 2030 წლისთვის.
თავის მხრივ, საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევს განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე; ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით; დაბალ-ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში; კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით; საქართველოს დიდებული ტყეების მიერ ნახშირბადის დაჭერის უნარის გაზრდით.
რა თქმა უნდა, აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ არც ერთ ჩვენგანს შეგვწევს ამ გამოწვევებთან გამკლავების უნარი ცალკეულად.
მთავრობების, ინდუსტრიების, აკადემიური წრეების, დარგის პროფესიონალთა, ტექნიკურ ექსპერტთა და დაინტერესებულ წრეთა ლიდერები ნებისმიერი ქვეყნის და რეგიონის ყველა თემში ერთობლივად უნდა ვმოქმედებდეთ კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად და ამისათვის დაბალ-ნახშირბადიანი და მედეგი ეკონომიკური პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. პატარა და დიდ ქალაქში თუ სოფელში დღეს ყველამ უნდა დავდოთ პირობა ჩვენი ახალგაზრდების და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ. ეს კამათს არ ექვემდებარება და ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.