ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მოსახლეობამ, მმართველმა პარტიამ შეუქცევადი გადაწყვეტილება მივიღეთ, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ
გასულ წელს იყო ისტორიული წელი, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ორი დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული ევროპული კომისიის მხრიდან, რომელმაც მისცა ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა.
„მქონდა პატივი, 2014 წელს მომეწერა ხელი ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. გასულ წელს იყო ისტორიული წელი, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ორი დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული ევროპული კომისიის მხრიდან, რომელმაც მისცა ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ეს არის ისტორიული მიღწევა, რადგან საქართველოს მოსახლეობამ, მმართველმა პარტიამ კონკრეტული, შეუქცევადი გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის. ჩვენ ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ვუახლოვდებით ამ ეროვნული გეგემის განხორციელებას.
შევძელით, გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა. 2012 წლის შემდეგ გასამმაგდა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები და მშპ ამერიკულ დოლარში გაორმაგდა ბოლო წლებში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში, სომხეთთან ერთად, და ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვქმნით კარგ პოლიტიკას, კარგ მმართველობას, უზრუნველვყოფთ სწრაფ, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი მოსახლეობისთვის, რასაც მოაქვს დამატებითი დასაქმების შესაძლებლობები, სტაბილურობა, პროგნოზირებადობა ბიზნესისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდული იყო გასულ წელს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სიღარიბის, უმუშევრობის. ქვეყნის რესურსებია ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. არაფერი არ მოხდება, თუ სიმშვიდე და მშვიდობა არ იქნება საქართველოში. ეს არის გადამწყვეტი. ნაკლებად გვჭირდება ჩვენ ისინი, ვინც ომისკენ მოუწოდებენ, მშვიდობაზე ორიენტირებული ხალხი უფრო მეტად გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.