ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თაობიდან თაობას გადასცემდა ძირითად ფასეულობებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სახელმწიფოებრიობასთან
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მრევლს ამბიონიდან მიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და მეც ვუერთდები ამ მოლოცვას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის, ჩვენი ისტორიის, ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან და ეს იყო და არის ყოველთვის ის, რასაც ეფუძნებოდა, ყოველთვის ეფუძნება ქართველობა, ქართული იდენტობა. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავს დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.