ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვარ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური სრულფასოვნად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მადლობა დაუღალავი ძალისხმევისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პრემიერის განცხადებით, მოხარულია, რომ დაზვერვის სამსახური სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
„ჩვენს ურთულეს დროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში, განამტკიცოთ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ამგვარად უზრუნველყოთ საქართველოს შემდგომი წინსვლა. მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი ძალისხმევისთვის, თქვენი პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.