ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი, ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას
საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტრადიციულად პრიორიტეტული იყო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მჭიდრო დიალოგის შემდგომი განმტკიცება.
„ამ მიზნით, 2021 წელს გაიცვალა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. 19-20 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. 2022 წლის 22-23 თებერვალს, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი კიევში და გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების დასპონსორებით/თანადასპონსორებით თუ განცხადებებზე მიერთებით ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ სანქციებს დონეცკსა და ლუგანსკზე.
ამასთან, საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია.
იმ პირობებში, როდესაც უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი დიპლომატიური მისიები კიევიდან გაიყვანეს, საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს არცერთი დღით არ შეუჩერებიათ ფუნქციონირება და დღესაც რჩებიან ადგილზე როგორც კიევში, ისე ლვოვსა და ოდესაში. ქართველი დიპლომატები უწყვეტად აგრძელებენ უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერის კოორდინაციას საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას.
ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რაც ასევე მოიცავს საქართველოში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი (150 ტონა საჰაერო, ხოლო დანარჩენი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით). საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.