ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, ეს მოიცავს სამშობლოსა და რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ტრადიციების პატივისცემას
საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წინანდალში, უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და, ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის, რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში.
უნგრეთში ვთქვი და მინდა, გავიმეორო, უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.