ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად
ჩემთვის დიდი პატივია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე დასწრება, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, შეაჯეროს ხედვები, გაცვალოს აზრები და გამოცდილება, და განიხილოს 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების პრაქტიკული განხორციელების გზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში – „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ინიციატივისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებას და გარემოს დაცვას.
„ჩვენმა მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და სახელმწიფო სერვისების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა არსებული გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელი გამხდარიყო, რაც აისახა კიდეც მრავალ გლობალურ რეიტინგში.
ვამაყობ, რომ საქართველოს მიერ შეტანილმა წვლილმა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტშიც გაგვხადა ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ასპექტში. სხვადასხვა ინიციატივისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებას და გარემოს დაცვას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2016 წელს საქართველომ აქცენტი გააკეთა თავის ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მიზნებში მდგრადი განვითარების მიზნების ჩართვაზე და „პირველ ნებაყოფლობით ეროვნულ მიმოხილვაშიც“ ასახა ისინი.
„ამას მოჰყვა მეორე მიმოხილვა 2020 წელს, სადაც დეტალურადაა აღწერილი მდგრადი განვითარების მიზნების სფეროში მიღწეული პროგრესი.
საქართველომ 17 მდგრადი განვითარების მიზანი და 93 ორიენტირი განსაზღვრა პრიორიტეტებად და 200 ინდიკატორი შეიმუშავა პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო კონსტრუქციული, ინტერპერსონალური დიალოგის გასაძლიერებლად.
საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად. დარგობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას ხდება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება და ეს უკვე არსებული პროცესის შემადგენელი ნაწილია. ყოველივე ამის მიზანია ახალი სტრატეგიული დოკუმენტების თავსებადობა ჩვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.