ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო პატარა ქვეყანაა, საკუთარი გამოწვევები გვაქვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა, ეს სჭირდება ხალხს
საქართველო პატარა ქვეყანაა, საკუთარი გამოწვევები გვაქვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და ომით ეს არ მიიღწევა.
„ორ-სამ თვეში გვექნება ნათელი სურათი, სად ვართ. საქართველოს შესახებ თქვენ კარგად იცით. რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია. ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც, რუსეთის მხარდაჭერით, ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. გამოცდილება დაგვიგროვდა. რთულია, ითქვას, რა მოხდება. დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო ის, რაც თავიდანვე ვთქვი, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ უნდა დაველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. იქნება ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება. ომი არ არის გადაწყვეტა.
საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას“, – განაცხადა პრემიერმა.