ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მზად არის, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორშაბათიდან უკვე დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველომ დღეს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. მილიონი დოზა არის უკვე ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ. დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და ალბათ ერთ თვეში შემოვა, უახლოეს რამდენიმე კვირაში. ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკიც“. ჯამში ორი მილიონი გვაქვს შეკვეთილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.