ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ეს ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია
გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია.
„მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება – გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია, ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, აქაც მინდა, გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.