ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მრავალი წლის განმავლობაში, არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით
საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფს ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ, უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით.
„მინდა, აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად დაინტერესებული ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16 პროცენტით. წელს, 10 თვეში ასევე 16 პროცენტით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა მილიარდ 230 მლნ დოლარი. ასევე, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50 პროცენტით, ხოლო წელს, 10 თვის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150 პროცენტით არის გაზრდილი და შეადგინა მილიარდ 400 მლნ დოლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.