ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ პარტნიორებს სრული მზაობა ვაჩვენოთ
სტატუსს მიიღებს საქართველო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს პარტნიორებს სრული მზაობა ვაჩვენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ურთულესი დროა, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო ამ გამოწვევებით სავსე ეპოქიდან გამარჯვებული გამოვიდეს.
„დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ ამავდროულად, არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროში, ეპოქიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. ჩვენი მთავარი ოცნება და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. მინდა, მივმართო ოპოზიციას, ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი. 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე, მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია, ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ასე შემდეგ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და მეორე მხრივ, დაინგრევა, თუ არ მივიღებთ სტატუსს. სტატუსს მიიღებს საქართველო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა.
ვფიქრობ, სასარგებლო იყო აქ გამართული საუბარი. სამწუხაროდ, დებატები კონსტრუქციულ რეჟიმში ვერ შედგა. მადლობა კონსტრუქციულ გამომსვლელებს ოპოზიციიდან. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია პოლარიზების დასრულებაც, შემცირებაც. ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება გაცხადებულია ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს გადმოდგმული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა პრემიერმა.