ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული სტრატეგიული პარტნიორი, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით, საქართველომ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში.
„სწორედ ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს. ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, საქართველომ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული სტრატეგიული პარტნიორი, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.
„ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შემდეგი პრინციპით: უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. ამ სულისკვეთებითა და თავდაცვის ძლიერი სისტემის ჩამოყალიბების სურვილით, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს და მოდერნიზებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.