ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო დაკავშირების, მშვიდობის, კულტურათა დიალოგის და ტოლერანტობის ქვეყანაა, ეს ფასეულობები ქართველთა სისხლსა და ცნობიერებაშია
სწორედ ქართული დიპლომატიისა და ჩვენი რაციონალური, სწორი საგარეო პოლიტიკური ხედვის შედეგად, საქართველო დღეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაძლიერდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია.
„ჩვენმა ინიციატივებმა, მე აღვნიშნავდი დაკავშირებულობის ინიციატივას ევროკავშირთან და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროკავშირის ქვეყნებთან საერთო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობამ, დაგვიბრუნა ფუნქცია, რომელიც ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფ, კავკასიის ამ პატარა ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა. დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო დაკავშირების, მშვიდობის, კულტურათა დიალოგის და ტოლერანტობის ქვეყანაა. ეს ფასეულობები ქართველთა სისხლსა და ცნობიერებაშია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი დიპლომატიის და დიპლომატების წარმატებებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ მშვიდობისკენ სწრაფვამ, უკეთესი მომავლის რწმენამ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო, ეროვნულობა, იდენტობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.