ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო აზერბაიჯანის მეგობარია და ასეც გაგრძელდება
ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აზერბაიჯანის მეგობარია და ასეც გაგრძელდება.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, აქ ყოფნა, ბაქოში ბევრჯერ ვყოფილვარ, ძალიან ახლობელი ქვეყანაა ჩვენთვის და შესანიშნავი მეზობელი. ჩვენ ვართ მეგობრები და შესანიშნავი ურთერთობა გვაქვს ორ ქვეყანას შორის, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ალიევთან, ჩემს კოლეგასთან, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთად, წლებია, ვახორციელებთ, რომელიც ორმა ერმა განავითარა 90-იანი წლებიდან. ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს შესაძლებლობებზე. იცით, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობას ამ რეგიონში, რადგან აუცილებელია საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, მოლაპარაკებებით. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გავაგრძელებთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი დელეგაციის მიღებისთვის, კოვიდის გამო ვიზიტი თავის დროზე არ შედგა, მაგრამ უნდა ვეცადოთ მეტი შეხვედრების დაგეგმვას. ვისარგებლებ შესაძლებლობით და მოგიპატიჟებთ საქართველოში. კახა კუჭავა, ახალი პარლამენტის თავმჯდომარე საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ასე, რომ შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ორ ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფის თანამშრომლობის. გელოდებით თბილისში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.