ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ, რათა შუა დერეფანი გახდეს მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ, რათა შუა დერეფანი გახდეს მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და შუა დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან, ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც, მისივე განცხადებით, კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას.

„მინდა, შევეხო შუა დერეფნის საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად. საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იქნას მოხსნილი და შუა დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით შუა დერეფანში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან. ეს არის დაახლოებით 5-წლიანი გეგმა. 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რა უნდა გააკეთონ აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ.

ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობას. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ამ მიმართულებით, ასევე ვმუშაობთ ახალი პორტის მშენებლობაზე. პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, დაახლოებით ოქტომბერში. მთავრობა იქნება მეპატრონე, 51 პროცენტი იქნება საქართველოს მთავრობის და 49 პროცენტზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.