ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ თიანეთში ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ლევან წიკლაურს, მოვუწოდებ თამაზ მეჭიაურს, გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურს მოწუოდებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გზა დაუთმოს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება მათ კანდიდატ ლევან წიკლაურს.
პრემიერის განმარტებით, დარწმუნებულია, თიანეთის მოსახლეობა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური ადამიანი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ბატონი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს. ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს. მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს, „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. მე ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
თიანეთი კარგი მაგალითია, რადგან მოგეხსენებათ, 4 წლის წინ დამსახურებულად გაიმარჯვა თამაზ მეჭიაურმა, ის 4 წელი იყო თითქმის არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა საკრებულოსთან, მით უმეტეს, მუშაობაში იყო ბევრი სირთულე, საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის კერა, მიზეზი მუდმივი საბოტაჟის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ორი დღის წინ გავაკეთე კომენტარი, ეს არის კლასიკური მაგალითი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თამაზ მეჭიაურს პირველ ტურში 30 პროცენტამდე ჰქონდა აღებული, ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს. პრემიერის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დიდი სხვაობით მოიგებს თიანეთშიც.
„დაფინანსება რაც არის განსაზღვრული, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ მთავრობის ხელში არის სხვა დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასე წყდება, ისევე როგორც ბიუჯეტის გაზრდაზე რომ იყო საუბარი, გუშინ დავაანონსე, რომ მინდა, ქუთაისს გავუზარდო, სხვა დიდ ქალაქებს და არა მხოლოდ. ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება გვინდა და გვაქვს გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს იქნება შემაფერხებელი ბარიერი ჩვენთვისაც და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიცური კანდიდატი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.