ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და უსამართლო დასკვნებს
ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და უსამართლო დასკვნებს

მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშზე, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„მინდა, აღვნიშნო, რომ თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე, ასე ვთქვათ, დასკვნებსა და ანგარიშზე დაყრდნობილი. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. მინდა, გითხრათ მთავარი, რომ ათი წლის წინ და უფრო ადრეც, როცა, მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ფაქტები, რომლებიც, მაგალითად, სახელმწიფო ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია დემოკრატია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალ, მათ შორის, მედიასაშუალებებს, კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა მათი ინფორმაციების 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაციები. ფაქტია, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც, სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენი ხალხის ინტერესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიასაშუალებებს, ყველგან. აი, მაგალითად, ტელეკომპანია „ტვ პირველი“ არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტეს წილად არ ეყრდნობა და არ ამოწმებს  ფაქტებს, საზოგადოებას ესაუბრება ტყუილებით, ავრცელებს ტყუილებს, მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერცერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.