ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის მიმართულებები
სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„გრძელდება რეფორმები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი.
აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ისტორიული მნიშვნელობის პროგრამას -GDRP-ს. გამოიცა თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვის და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. შევიძინეთ და ახლო მომავალში დამატებით შევისყიდით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს „ჯაველინებს“.
უმოკლეს ვადებში ქართული სამხედრო ავიაციის პრაქტიკულად ნულიდან აღდგენა შევძელით. წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება, ნატო-ს სტანდარტების M4-ის ტიპის შაშხანებით და თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით ჯარის აღჭურვა.
დავიწყეთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება. პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. შეიარაღების ეფექტურად წარმოებისთვის აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საწარმო დელტას, რომ ერთობლივი საწარმოების ფარგლებში მივიღოთ სტრატეგიით გათვალისწინებული პროდუქცია. ცენტრ „დელტას“ ბაზაზე აქტიურად იქმნება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაც. უკვე ფუნქციონირებს დელტა-ტექსტილი.
ამჟამად ვმუშაობთ საბჭოთა მოძველებული ტექნიკის სრულად ჩანაცვლებაზე, განახლებაზე. 500 ერთეული თანამედროვე ბრენდების სპეცტექნიკა უკვე შეძენილია და თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში სრულად გაუთანაბრდება ნატო-ს სტანდარტებს. სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.