ირაკლი ღარიბაშვილი - სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც მისი თქმით, ევროკომისარი იჩენს საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიის გზაზე.
„ევროკომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნისადმი. ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის გზაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს.
მოგეხსენებათ, მთავარი დოკუმენტი, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის არის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ შვიდი წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის.
მინდა, მოსახლეობას შევახსენო, ერთი კონკრეტული, ხელშესახები ფაქტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2016-2017 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადააადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით. უკვე რამდენიმე წელია, უვიზოდ გადააადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა, რადგან ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან.
ამას გარდა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ეს დიდებული შედეგი იქნა მიღწეული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.