ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს, აირჩია, დამდგარიყო რადიკალური ოპოზიციის გვერდით და ისიც იზეიმებს დიდ წაგებას
სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი და იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რასაც კვლავ აგრძელებს.
„ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი, პარტიის ხელმძღვანელი ვარ, ახლა უკვე ჩემს თავს მივცემ უფლებას და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი და, ჩვენი გადმოსახედიდან, იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არაერთგზის უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და, სამწუხაროდ, კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან. მინდა, შევახსენო სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი რეიტინგი იყო ერთი პროცენტი და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანეს პრეზიდენტად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც ამ ადამიანს, ასევე გუნდს, სახელმწიფოს ინტერესებს. სალომე ზურაბიშვილის შესახებ სხვა შეფასება არ მექნება. მისი ვიზიტიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი არის შეფარული, მისი წინასწარ კამპანიაც იყო ყალბი, ფარისევლური, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი მიზანი იყო, რაიმენაირად წაეღო ეს დიდი მონაპოვარი, სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხალხთან ერთად, მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო. მან თავად აირჩია ეს გზა, თავად აირჩია, დამდგარიყო რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და მისი ხვედრიც შესაბამისი იქნება, ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„საერთოდ არ გამიკვირდება. ვიცით, რაც არის მათი გეგმა და ერთ-ერთი მიზანი. სურთ, ვითომ მთლად „ნაცები“ არ იყვნენ. რომელი არ არის ახლა მანდ „ნაცი“ და სააკაშვილის მართული მონა? უნდათ, რომ ამ გაერთიანების, ვითომ შუაშისტების ლიდერად მოავლინონ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი გაშიფრული სქემა, არავინ ამას არ დაიჯერებს. არავინ დაიჯერებდა მანამდე. რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა მარტო, როგორც ინდივიდუალურმა პოლიტიკოსმა, პრეზიდენტობამდე? ეს შეგიძლიათ, თქვენს არქივებში მოიძიოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.