ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან ექვსი წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს, იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გულწრფელად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. მოგეხსენებათ, რომ 6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მე მინდა თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად შავნაბადას ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, სამსახურის დაარსების 6 წლისთავი პირადად მიულოცა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.