საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
პრემიერი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესით.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 19 695 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყო.
შეხვედრაზე „განახლებული რეგიონების“ პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი. პროგრამა გრძელდება, ამ ეტაპზე კი პროგრამის ფარგლებში უკვე ინვესტირებულია 400 მილიონი ლარი.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.