ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა წარადგინა პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს მთავრობა წყალტუბოს განვითარებას. პრემიერის თქმით, გენერალური გეგმა არის დასრულებული.
„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც, ყველაფერი არის დასრულებული და ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა კურორტი“, – განაცხადა პრემიერმა.