ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ
სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაფართოებული პროგრამის, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის გამო, ბიზნესის სფერო დაზარალდა.
„მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო გულწრფელი მადლობით, ვინაიდან თქვენ იმსახურებთ მადლობას. გვესმის, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგვიწია ყოფნა. განსაკუთრებით თქვენ დაზარალდით კოვიდპანდემიის გამო, მოსახლეობა, მთლიანად ბიზნესი, დამსაქმებელი, რეალური დოვლათის შემქმნელი. მინდა, მთავრობის სახელით გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნისთვის. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრა თქვენთან, თუმცა სხვა ფორმატში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სხვა ფორმატში დავიწყოთ აქტიური შეხვედრები და დავიწყოთ საუბარი ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც თქვენს ბიზნესს აწუხებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ამუშავდეს ბიზნესი და აღნიშნა, რომ საჭიროა აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია.
„ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ პრობლემები ძალიან ბევრია. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, უფრო ვიწრო ფორმატში ვისაუბროთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც ბიზნესს დაუგროვდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად გვაქვს გააზრებული, დღეს ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში, ვინაიდან კოვიდპანდემია სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოსთვის. გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ ამუშავდეს ბიზნესი. ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია.
ამასთან, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით ჩემი დავალებით შექმნილია განვითარების საბჭო. მომავალი კვირიდან აქტიურად ვიწყებთ სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან. გვინდა, რომ მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული გეგმა 10-წლიანი განვითარების თითოეული სექტორის მიხედვით. თქვენი ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან თქვენ გარეშე ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. გვინდა, მოვისმინოთ თქვენი რეკომენდაციები, ხედვები, შენიშვნები და კრიტიკული მოსაზრებები. ჩვენ ამისთვის ვართ აბსოლუტურად გახსნილი და გიცხადებთ მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მთავრობა ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, ვერ დავძლევთ იმ კრიზისს და პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნესს დღეს სჭირდება სტაბილური გარემო. კერძოდ, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
„გვესმის, რომ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო. ბიზნესს დღეს სჭირდება სტაბილური გარემო. ამაში ვგულისხმობ პოლიტიკურ სტაბილურობას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ასე შემდეგ. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა დღევანდელი დღისთვის. გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი. მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებ ბიზნესთან. ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა და უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვა არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ისე რეგიონების დონეზე. სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე. ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, რათა ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ეს არ არის განპირობებული რაღაც მოკლევადიანი შოკებით და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო. მათ სჭირდებათ გადაწყვეტა. გიდასტურებთ სრულ მზაობას თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.