ირაკლი ღარიბაშვილი - საგარეო გამოწვევების ფონზე, ექსპორტი 48,4 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, იანვარ-მაისში კი, 36 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 2 მილიარდი დოლარი
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არამედ ყველა სხვა თვეებთან შედარებით.
„მინდა, საზოგადოებას მივმართო და განახლებული ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ზოგად ვითარებას, სტაბილურობას, რომელიც გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში. საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. ეს აღსანიშნავია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო, ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 14,4% და ოთხ თვეში 10,8%, რომელიც მართლაც იშვიათობაა. ამ ყველაფერს ემატება ის პოზიტიური მაჩვენებლები, რომლებსაც მოგახსენებთ. საგარეო გამოწვევების ფონზე, ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კიდევ ერთი დადებითი ინფორმაცია, რაც მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა: რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ტურიზმი, ეკონომიკა იზრდება. ის პროგნოზები, რაც გვქონდა, ისევ მოკრძალებული პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მთელი ბიზნესსექტორი მოტივირებულია. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი სწორად აღიქვამს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომელიც მთავრობამ შექმნა ქვეყანაში და სწორი პოლიტიკის გატარების შედეგია ეს ყველაფერი. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, არ გაეტარებინა ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში, ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რამე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აქ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. ამას ემატება, რომ ეროვნული ვალუტა გამყარებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს. რას ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმეს საერთოდ ახსენდება, ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 4 მილიონი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.