ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ
ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს პარტნიორების ინტერესს, მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობას.

მთავრობის მეთაურმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს გლობალური პანდემიის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში შეტანილი მათი წვლილი დასაფასებელია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის უმნიშვნელოვანესია და ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოსადმი და განაცხადა, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და უფრო პლურალისტური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს უზრუნველსაყოფად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ როუზელი, უფროსი მრჩეველი მშვიდობის, კონფლიქტის და უსაფრთხოების საკითხებში ლორენ ვან მეტრი,  ევრაზიის რეგიონის საარჩევნო პროგრამების დირექტორი პეტ მერლო, საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი; ხოლო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი სკოტ მასტიკი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივენ ნიქსი და საქართველოს ოფისის დირექტორი ჯონ დიპირო.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.