ირაკლი ღარიბაშვილი - „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, წლიურად საშუალოდ 5 პროცენტი
ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს.
ღარიბაშვილის თქმით, 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს დაფიქსირდა 10.1%-იანი ზრდა.
„2023-2027 წლებში, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5% იქნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც, წინა წლებთან შედარებით, გაორმაგდა და, პრინციპში, 101,7%-ით მოიმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.