ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა და ეს ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო. მით უმეტეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. კიდევ მინდა გავიმეორო, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს ჩვენი ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ სხვა, გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი, პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ქვეყანაში დიდი უბედურება იქნებოდა. ეს ჩვენ კარგად გვესმის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.