საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ეფუძნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის განვითარებას.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ ასოცირებული პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ დაფასებას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთს გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების თანაავტორობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.