ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დავალება იყო, გადაეყვანათ კერძო კლინიკაში, მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და საავადმყოფოდან გაიყვანდნენ, ილუზიებში არიან, იქნებ მორიგი პროვოკაცია დადგან
მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტება, რომ ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც თავისი ნებით და გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა, ჩაგრავდა, აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა“.
„მინისტრმა რატი ბრეგაძემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს. საჭიროების შემთხვევაში, მათ სრული კომფორტი აქვთ მოწყობილი ციხის საავამდყოფოში, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება. თუ საჭირო იქნება, გადაიყვანენ, ყველა პროცედურას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკანში. კაცი შიმშილობს თუ დიეტაზეა, ამაზე მოგვიანებით კიდევ განმარტებას გავაკეთებ, ჯერ არ მინდა. თვითონ იზიანებს თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიაბაშვილის განცხადებით, კერძო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა გეგმის ნაწილია.
„სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ დაიწყებდა სიმულანტობას, თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ. მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს, მათი გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და მისი მხარდამჭერები გაიყვანდნენ საავადმყოფოდან სააკაშვილს, გაათავისუფლებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, იქნებ მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ აღასრულა ის ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა, 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე, იქ მომხდარიყო ორი-სამი ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით ყოფილიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მომხრე იყო, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი.
„ცალსახად მინდა ვთქვა, მინისტრ ტიკარაძეს ეს არ უთქვამს და თავადაც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს. ეს არ არის მისი პრეროგატივა. მინისტრმა ბრეგაძემ, როგორც თავის კოლეგას მიმართა თხოვნით, ექიმები ჩართულიყვნენ პროცესში. ასე რომ პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება რაღაც დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობა არი შექმნილი ციხის საავამდყოფოში. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ციხის ადმინისტრაციის და პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება. ჩვენ დამატებით ექიმების ჯგუფიც ჩავრთეთ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.