ირაკლი ღარიბაშვილი - ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს

პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალებაა, რომ მეორე ტურამდე რაიმენაირად რაიმე ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს სააკაშვილი არის მძიმედ ავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან.

„ფაქტი არის შემდეგი, რომ პატიმარი სააკაშვილი დღეს არის ციხეში. მე ჩემს განცხადებაში ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი განვმარტე. ამას გარდა, დამატებით ინფორმაციას კვლავაც მიიღებს საზოგადოება. ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანაც ახალი დანაშაული ჩაიდინა. სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა, იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს. ასე რომ, აბსოლუტურად უხმაუროდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში.

ჩვენი საზოგადოებისთვის რომ გავაკეთოთ განმარტება, ამ ინფორმაციას გიზიარებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ ჩვენ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს – ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ იციან რა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, მეორე ტურამდე რაიმენაირად რაიმე ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. მე არ ვამბობ ამას, ამას ამბობს შესაბამისი სამსახური, რომელმაც გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ყოველღიურად, დღეში რამდენჯერმე მას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან კვალიფიციური ექიმები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, მან პირადად იყიდა თავისი საკრედიტო ბარათით 7 კოლოფი თაფლი, მიიღო ნახევარი კოლოგრამი თაფლი. აქედან გამომდინარე, შეეშვით ამ ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.