ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში, ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, კანონის ფარგლებში ყველა უმკაცრესად დაისჯება
სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში, ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უკვე რვა წელია, იმუქრება და ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარა კაცია, იცის, რომ შევა ციხეში.
„რა თქვა მიხომ, რა თქვა? ჩამოვდივარო? მინდა, მოსახლეობას ავუხსნათ – სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა და დესტაბილიზაციის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი. მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა აგებს პასუხს კანონის ფარგლებში. დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონისა და სახელმწიფოს სახელით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი შედეგების ზიანი მოუტანა ქვეყანას.
„მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება 10 ათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ, რომ ერთგვარი არეულობ, დაბნეულობა შემოიტანონ. პასუხი ძალიან მარტივია – სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში, ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.